ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების ან/და ჩამონათვალი დაამტკიცა.
დანართი განსაზღვრავს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებს და ამ მიზნით ადგენს ფაქტორებს, აგენტებს და აღწერს სამუშაო პროცესებს, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების, ასევე ნაყოფისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
კერძოდ, ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებად მიიჩნევა:
ფიზიკურ (ტვირთის გადატანა) დატვირთვასთან დაკავშირებული სამუშაოები
ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად 5 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში, 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან დაუშვებელია ორსული ქალებისათვის ნებისმიერი წონის ტვირთის გადატანა. ორსულობისას და მშობიარობიდან 16 კვირამდე მძიმედ და საშიშად მიიჩნევა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ხშირ მოუხერხებელ მოძრაობებთან და პოზებთან, როგორიცაა მაგალითად სხეულის მნიშვნელოვანი დაჭიმვა (იგულისხმება გასწორება) ან მოხრა, ხანგრძლივი ჩაცუცქვა ან დახრა, ასევე საქმიანობა სხეულის ფიქსირებული პოზით მოძრაობის გარეშე.
ორსული ქალებისათვის გამორიცხული უნდა იყოს სამუშაოები ისეთ დანადგარებთან, რომელთა მართვისათვის გამოიყენება ფეხის სატერფული, კონვეიერზე მუშაობა იძულებითი რიტმით, მონოტონური სამუშოები და სამუშაოები თანმხლები ნერვულ-ემოციური დაძაბულობით. აკრძალულია ასვლა/ჩამოსვლა ვერტიკალურ კიბესა და ბოძზე ფეხმძიმობის დადგენის დღიდან. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის აკრძალულია ღამის სამუშაოების შესრულება, მუშაობა ცვლებში რეგულარული ცვლიანობის უკუროტაციის სისტემით (ღამის ცვლა, გვიანი ცვლა და ადრიანი ცვლა) ან ერთმანეთის მომდევნო ცვლებში მუშაობა.
ქიმიურ აგენტებთან დაკავშირებული სამუშაოები
ეს დანართი ეხება ყველა იმ სამუშაოს, რომლის შესრულების დროსაც ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები შეიძლება განიცდიდნენ ქიმიური აგენტების ზემოქმედების საფრთხეს. დადგენილების თანახმად, ქიმიური აგენტები არის - ნივთიერებები ან შუალედური ქიმიური პროდუქტები, მათ შორის, ზოგიერთი ბიოლოგიური ბუნების (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ცილოვანი პრეპარატები), რომლებიც შეიძლება არსებობდნენ ბუნებრივად, წარმოიქმნან წარმოების, დამუშავებისა და გამოყენების, გათბობის პროცესში ან შემთხვევით, მიიღებიან ქიმიური სინთეზით და/ან რომელთა კონტროლისათვის გამოიყენება ქიმიური ანალიზის მეთოდი.
სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ ფაქტორებთან
ეს დანართი განსაზღვრავს სამუშაოებს, რომლებიც უკავშირდება ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისათვის მავნე და საშიშ ფიზიკურ ფაქტორებს (ხმაური, ვიბრაცია, მაიონებელი, არამაიონებელი გამოსხივება, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, განათებულობა და სხვ.), ასევე ინფორმაციას მათგან გამოწვეული რისკებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელება საჭიროა ამ რისკების თავიდან ასაცილებლად ან/და შესამცირებლად.
ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან სამუშაოდ ზოგადი და ლოკალური ვიბრაციის და ულტრაბგერის ზემოქმედების პირობებში. მძიმე და მიწისქვეშა სამუშაოებზე, ასევე სიმაღლესთან დაკავშირებულ სამუშაოებზე.