ფასები სამშენებლო ბაზარზე

ბოლო პერიოდში თბილისის სამშენებლო ბაზარზე ფასები მკვეთრად, კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $100-ით გაიზარდა. ეს მოცემულობა შეუქცევადია და მნიშვნელოვანწილად ახალ სამშენებლო რეგულაციებს უკავშირდება.

სამშენებლო ბაზრის გაჯანსაღებისა და შრომის, ასევე შენობების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელიც იყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სავალდებულოდ გათვალისწინება. რატომ გააძვირა ბინები თუნდაც ამ კონკრეტულმა რეგულაციამ: ნებისმიერ კორპუსში, რომელიც ახალი რეგულაციების პირობებში შენდება, სავალდებულოა ალტერნატიული სახანძრო/საავარიე კიბის არსებობა. ხანძრის შემთხვევაში ლიფტით სარგებლობა რომ ყოვლად დაუშვებელია, ეს ყველასთვის ცნობილია. შესაბამისად, თუ ხანძარი გაჩნდება კიბის ერთ უჯრედში, შენობაში მყოფი ადამიანები ალტერნატიული კიბიდან შეძლებენ სახიფათო ზონის დატოვებას. ალტერნატიული კიბის დამატება, სამშენებლო კომპანიისთვის სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული და ეს ის ხარჯია, რომლის ამოღებას კიბის უჯრედის გაყიდვით ვერ ამოიღებს მშენებელი. შესაბამისად, ეს თანხა ემატება თვითღირებულებას და საბოლოოდ ვღებულობთ ბინის კვადრატულ მეტრზე მომატებულ ფასს.

გარდა ალტერნატიული კიბისა, ხანძარსაწინააღმდეგო ავზების მოწყობაც სავალდებულო გახდა შენობების სარდაფებში, რომლებიც შესაბამისი ტუმბოებით აღიჭურვება და ხანძრის შემთხვევაში მომენტალურად ამოქმედდება. ამ რეგულაციით გამოწვეული დამატებითი ხარჯებიც, რა თქმა უნდა, ბინის ფასებში აისახება.